Sunday, March 25, 2012

ვეფხისტყაოსანი


ვეფხისტყაოსანი შედგება პროლოგის, ძირითადი ნაწილისა და ეპილოგისაგან. შინაარსის მხრივ, ვეფხისტყაოსანი რთული ნაწარმოებია; აქ ორი პარალელური ამბავია მოთხრობილი — არაბეთისა და ინდოეთისა, თუმცა ორივე მათგანი ერთმანეთთან სიუჟეტურად დაკავშირებულია. პოემა მდიდარია პერსონაჟებით. დაწერილია შაირის სტილში, თექვსმეტმარცვლიანი საზომით.
დღემდე მოღწეული არაა ტექსტის პირვანდელი ვარიანტი; უძველესი ხელნაწერი, რომელიც დღეისათვისაა ცნობილი,  XVI საუკუნით თარიღდება. საუკუნეების განმავლობაში პოემის ტექსტი იცვლებოდა, ინტერპოლატორების (ყალბისმქნელების) მიერ ხშირად ემატებოდა ახალი სტროფები, ზოგჯერ კი მთელი თავებიც; დღეს პოემის ეს დამატებული თავები „ვეფხისტყაოსნის გაგრძელებების“ სახელითაა ცნობილი.
დღემდე მოღწეულია ვეფხისტყაოსნის 160-ზე მეტი ხელნაწერი წიგნი. ბეჭდურად პოემა პირველად 1712 წელს ვახტანგ VI-ის მიერ გამოიცა. ვეფხისტყაოსნის ზოგიერთი ხელნაწერი ნუსხა გაფორმებულია მდიდრული ორნამენტებითა და მინიატიურებით. სხვადასხვა მხატვრის მიერ შექმნილია ილუსტრაციები. პოემა გადათარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე.
შუა საუკუნეებშიცა და შემდეგ დროშიც ვეფხისტყაოსანი დიდ როლს ასრულებდა ქართველი ერის, განსაკუთრებით კი ქართული ლიტერატურის თვითმყოფადობის საკითხებში; ვეფხისტყაოსანი ქართველთათვის ერთ-ერთ საყვარელ წიგნად. რჩებოდა. მიუხედავად ამისა, შუა საუკუნეებში ვეფხისტყაოსანი ხშირად იდევნებოდა ეკლესიის მხრიდან, რადგან იგი ანტიქრისტიანულ, სპარსულ ნაწარმოებად ითვლებოდა. თუმცა პოემის დევნამ ვერ შეასუსტა მისი მნიშვნელობა ქართველ ხალხში, პირიქით, მისი გავლენა უფრო მეტად გაიზარდა ახალი დროის ქართველ მწერლებში. დღეს ვეფხისტყაოსანი მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ შედევრად ითვლება.

No comments:

Post a Comment