Sunday, March 25, 2012

ვეფხისტყაოსანი


ვეფხისტყაოსანი შედგება პროლოგის, ძირითადი ნაწილისა და ეპილოგისაგან. შინაარსის მხრივ, ვეფხისტყაოსანი რთული ნაწარმოებია; აქ ორი პარალელური ამბავია მოთხრობილი — არაბეთისა და ინდოეთისა, თუმცა ორივე მათგანი ერთმანეთთან სიუჟეტურად დაკავშირებულია. პოემა მდიდარია პერსონაჟებით. დაწერილია შაირის სტილში, თექვსმეტმარცვლიანი საზომით.
დღემდე მოღწეული არაა ტექსტის პირვანდელი ვარიანტი; უძველესი ხელნაწერი, რომელიც დღეისათვისაა ცნობილი,  XVI საუკუნით თარიღდება. საუკუნეების განმავლობაში პოემის ტექსტი იცვლებოდა, ინტერპოლატორების (ყალბისმქნელების) მიერ ხშირად ემატებოდა ახალი სტროფები, ზოგჯერ კი მთელი თავებიც; დღეს პოემის ეს დამატებული თავები „ვეფხისტყაოსნის გაგრძელებების“ სახელითაა ცნობილი.
დღემდე მოღწეულია ვეფხისტყაოსნის 160-ზე მეტი ხელნაწერი წიგნი. ბეჭდურად პოემა პირველად 1712 წელს ვახტანგ VI-ის მიერ გამოიცა. ვეფხისტყაოსნის ზოგიერთი ხელნაწერი ნუსხა გაფორმებულია მდიდრული ორნამენტებითა და მინიატიურებით. სხვადასხვა მხატვრის მიერ შექმნილია ილუსტრაციები. პოემა გადათარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე.
შუა საუკუნეებშიცა და შემდეგ დროშიც ვეფხისტყაოსანი დიდ როლს ასრულებდა ქართველი ერის, განსაკუთრებით კი ქართული ლიტერატურის თვითმყოფადობის საკითხებში; ვეფხისტყაოსანი ქართველთათვის ერთ-ერთ საყვარელ წიგნად. რჩებოდა. მიუხედავად ამისა, შუა საუკუნეებში ვეფხისტყაოსანი ხშირად იდევნებოდა ეკლესიის მხრიდან, რადგან იგი ანტიქრისტიანულ, სპარსულ ნაწარმოებად ითვლებოდა. თუმცა პოემის დევნამ ვერ შეასუსტა მისი მნიშვნელობა ქართველ ხალხში, პირიქით, მისი გავლენა უფრო მეტად გაიზარდა ახალი დროის ქართველ მწერლებში. დღეს ვეფხისტყაოსანი მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ შედევრად ითვლება.

შოთა რუსთაველი


შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა.
რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს ვეფხისტყაოსნის პროლოგი („დავჯდე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარსობილი“, „მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი“), ეპოლოგი, აგრეთვე XV-XVIII საუკუნეების ქართული მწერლობა (ამაზე ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება). სახელწოდება რუსთაველი (რუსთველი) უკავშირდება გეოგრაფიულ პუნქტს რუსთავს და ნიშნავს რუსთავის მკვიდრს ან რუსთავის ციხე-ქალაქის გამგებელს, მეპატრონეს. იმდროინდელი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური სინამდვილე გვაფიქრებინებს, რომ მეორე მნიშვნელობა უნდა იყოს სწორი. რუსთაველის სახელის შესახებ პირდაპირ ცნობას გვაწვდიან თეიმურაზ I  (იგი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟთა შესახებ ამბობს:„ესენი შოთა რუსთველმან შეამკო არსთა მკობითაო“) და XVII-XVIII საუკუნეებში სხვა ქართველი მწერლები. ამასვე ადასტურებს რუსთაველის ფრესკული პორტრეტი XIII საუკუნის I ნახევრის წარწერით, რომელიც რესტავრირებული სახითაა შემონახული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვეტზე (გაბაშვილი, ტიმოთე|ტ. გაბაშვილის მიერ 1757-1758 ნანახი და შემდეგში ზეთის საღებავების სქელი ფენით დაფარული ფრესკა გამოავლინა იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციამ) და ამავე საუკუნეში მონასტრის სააღაპო წიგნში მოსახსენებელი „შოთაჲსა ჲ“, რომელიც იგივე რუსთაველი უნდა იყოს. ფრესკის წარწერის მიხედვით, რუსთაველს შეუკეთებია და განუახლებია ჯვრის მონასტერი.
სავარაუდოა, რომ პოეტი ყოფილა სამეფო კარის დიდი მოხელე, ვაზირი, თამარ მეფესთან დაახლოებული პირი. როგორც , მას ევალებოდა ქართულ საკულტო ძეგლებზე, მ. შ. ჯვრის მონასტერზე ზრუნვა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ პოეტი სიცოცხლის მიმწურს გაემგზავრა იერუსალიმში, აღიკვეცა ბერად, იქვე აღესრულა და იქვეა დასაფლავებული. არ მართლდება გადმოცემა პოეტის ბერად შედგომაზე: ფრესკაზე გამოხატული ქართველი დიდებული ერისკაცის სამოსელშია გამოწყობილი. თანაც რუსთაველს, როგორც ვაზირს, შეეძლო საქართველოდანვე წარემართა მონასტრის შეკეთება-განახლებისათვის საჭირო საქმიანობა. რუსთაველის ბიოგრაფიულ ცნობების შემცველ სხვა წერილობით წყაროებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ხალხური გადმოცემით, პოეტი მესხი უნდა იყოს. მესხად თვლის მას პოეტი არჩილ II . ვეფხისტყაოსნის გაგრძელებანიც მიგვანიშნებს შოთას მესხურ წარმოშობაზე. შეასძლებელია სახელწოდება რუსთაველი უკავშირდებოდეს მესხეთის რუსთავს, რომელიც მდებარეობს ახალციხე-ასპინძის შარაგზის მახლობლად. 
პოეტის დაბადების თარიღად მიიჩნევენ 1160-1165 წლებს. ის ცხოვრობდა საქართველოს მეფის თამარისა და მისი მეუღლის დავით სოსლანის ზეობის პერიოდში, ქართული სახელმწიფოსა და მისი ხალხის მატერიალური და სულიერი აყვავების პერიოდში.
1960 წელს პალესტინაში გაემგზავრნენ ქართველი მეცნიერები ი.აბაშუძე, გ.წერეთელი, ა.შანიძე, რომელთაც იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მოიძიეს და გადაიღეს სვეტზე გამოსახული შოთა რუსთაველის პორტრეტი. აქ მოპოვებული მასალით დასტურდება, რომ იგი იყო მეჭუჭლეთუხუცესი თამარის კარზე. ლეგენდის თანახმად, პოეტი გარდაიცვალა ჯვრის მონასტერში, თუმცა ეს ვერსია სადავოა.
არის კიდევ ერთი ვერსია პოეტის წარმომავლობის შესახებ, რომელიც პავლე ინგოროყვამ გამოთქვა თავის მონოგრაფიაში „რუსთაველიანა“. მისი მიხედვით, შოთა რუსთაველი ეკუთვნოდა უმაღლესი არისტოკრატიის წრეს. ეს დასტურდება პოემის შინაარსით. მას კარგად ესმოდა სამხედრო საქმე და მისი ისეთი ნიუანსები, რომელთაც მხოლოდ ცნობილი და გამოცდილი სარდალი თუ ფლობდა. ასევე ქვეყნის მართვისა და გამგეობის, სამეფო კარის ინტრიგების, ნადირობისა და ზეპური საზოგადოების გართობის სხვა სახეობათა ზედმიწევნით კარგი ცოდნა მეტყველებს, რომ შოთა რუსთაველი თავის ნაწარმოებში ბევრ შემთხვევაში ისტორიულ სინამდვილეს გადმოგვცემს. ასეთი დიდგვაროვანი და მაღალი ფეოდალი სახელით შოთა მისი თანამედროვე ეპოქის ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული და მისი გვარის გენეოლოგია მეტნაკლებად ცნობილი უნდა იყოს.
აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ პოეტის პიროვნება იყოს შოთა გრიგოლის ძე ჰერეთის ერისთავი, ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული შოთა კუპარად. მას ჟამთააღმწერელი დადებითად არ ახასიათებს, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე იყო და იმდროინდელ ყველა მნიშვნელოვან აქციაში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის კოხტასთავის შეთქმულებაში.

წყარო:   შოთა რუსთაველი

Saturday, March 24, 2012

გიორგი მერჩულე

შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად ცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ, ხანცთისა და შატბერდის აღმაშენებლისაჲ, და მის თანა ჴსენებაჲ მრავალთა მამათა ნეტართაჲ“ (შემ: „ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა“) არის ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები, დაწერილი გიორგი მერჩულეს მიერ 951 წელს, გრიგოლ ხანძთელის გარდაცვალებიდან 90 წლის შემდგომ. აღწერილი ამბები VIII-IX საუკუნეთა ტაო-კლარჯეთში ხდებოდა.

გიორგი მერჩულე X საუკუნის მოღვაწეა. თავისი ნაწარმოები ”ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა” მას დაწერილი უნდა ჰქონდეს X საუკუნის მეორე ნახევარში. მასში აღწერილია VIII-IX საუკუნეების ვითარება საქართველოს იმ ნაწილში, რომელსაც ტაო-კლარჯეთი ეწოდებოდა.
გიორგი მერჩულე, ხსენებული ნაწარმოების მიხედვით, ფრიად განათლებული პიროვნება ჩანს. ”მერჩულე”, როგორც ეს პავლე ინგოროყვამ დაამტკიცა, ავტორის პროფესიის აღმნიშვნელი სახელწოდებაა და ნიშნავს საეკლესიო სამართლის სპეციალისტს, სჯულის მოძღვარს.
ოპიზართა სიგელის მიხედვით, რთული სასამართლო საქმეების გარჩევის დროს, სასამართლოში იწვევდნენ საერო სამართლის მცოდნეებს, იურისტებს. ეს იურისტები, როგორც ირკვევა, დიდ როლს ასრულებდნენ სამართლის წარმოებაში და თავისი ფუნქციებით რომის იურისტებს ემსგავსებოდნენ. აღსანიშნავია, რომ მერჩულე კანონიკური სამართლის სპეციალისტი, დიდი სწავლული ყოფილა.
ავტორი არათუ გადმოგვცემს რეალურ ვითარებას საეკლესიო და საერო ხელისუფალთა ურთიერთობის შესახებ, არამედ ამჟღავნებს კიდეც სიმპათიას მის მიერ აღწერილი მოვლენებისადნი. ნაწარმოების მიხედვით, სახელმწიფოში წამყვანი უნდა იყოს ეკლესია, რომლის საქმეებში საერო ხელოისუფლება არ უნდა ჩაერიოს, ეკლესიის მსახურნი კი უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ საერო საქმეებში.
ნაწარმოების მიხედვით, ეკლესიის მსახური და საერთოდ ეკლესია არ უნდა ექვემდებარებოდეს საერო ხელისუფლებას:
ვიკიციტატა
„დიდებულო მეფეო, შენ ქუეყანისა ხელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე ზეცისა და ქუეყანისა და ქუესკნელისაი, შენ ნათესავთა ამათ მეფე ხარ, ხოლო ქრისტეი ყოველთა დაბადებულთაი, შენ წარმავალსა ამა ჟამსა მეფე ხარ, ხოლო ქრისტეი საუკუნო მეფე... (საბა იშხნელი)“
ვიკიციტატა
„ხოლო სარწმუნონი და ჭეშმარიტნი მონაზონნი ქუეყანასა ზედა არავისსა ხელმწიფებასა ქუეშე არიან (გრიგოლ ხანძთელი)“
მაგრამ თვით ეკლესიის შიგნით უფროსისადმი ბრმა მოირჩილება სასურველია. ნაწარმოების მიხედვით, ეკლესია-მონასტრების შინაგან მმართველობაში მტკიცედ განსაზღვრული იერარქიული დაქვემდებარება არსებობდა და ამ გარემოებას ავტორი საგანგებოდ უსვამს ხაზს (მამასახლის ეპიფანეს ამბავი).
გრიგოლ ხანძთელის აზრით, მეფე უნდა იყოს ეკლესიის და ქრისტიანობის დამცველი, სამხედრო საქმის მცოდნე, კარგი მეომარი. ეკლესიის მსახურთ კი ევალებათ მხარში ამოუდგნენ ძლიერსა და ქრისტიანობისთვის მებრძოლ მეფეს.
ნაწარმოებში ისეთი იდეაა გატარებული, რომ მეფეები, მთავრები დიდ დახმარებას უწევდნენ ეკლესია-მონასტრებს. სამაგიეროდ, თავის მხრივ, ეკლესია-მონასტრების წარმომადგენლებიც ადიდებენ მათ. გიორგი მერჩულეს გადმოცემით, გრიგოლი ადიდებს აშოტ კურაპალატს, როგორც პოლიტიკური ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელს. გრიგოლის სიტყვებით, მეფის ხელისუფლება ღვთისგანაა გაჩენილი, ამასთან, აშოტ კურაპალატის ხელისუფლების სიმტკიცეს გრიგოლ ხანძთელი აშოტის ბიბლიური წარმოშობითაც ასაბუთებს: აშოტის გვარი დავით წინასწარმეტყველიდან მომდინარეობს, მაშასადამე, ეკლესია მთელი თავისი არსებით მხარს უჭერს საერო ხელისუფლებას.
გიორგი მერჩულეს აზრით ეკლესიას თავისი მმართველობა აქვს, სახელმწიფოს - თავისი. შინაურ საქმეებში ჩაურევლობა უნდა იყოს მათი თანაარსებობის საფუძველი, მაგრამ ამ თანაარსებობაში ზოგიერთ გამონაკლისს მაინც უშვებს ეკლესიის სასარგებლოდ. მაგალთად, გრიგოლ ხანძთელი ჩაერია კურაპალატის საოჯახო საქმეებში, ამხილა ხელმწიფე, რომელსაც ”სიძვის დიაცი” ჰყავდა.
საოჯახო საქმეებში, ქორწინების საკითხებში ეკლესია ფეოდალიზმის დროს გულმოდგინედ ერეოდა. ვახტანგის სამართლის წიგნის მიხედვით, საოჯახო საკითხებზე კათალიკოსსაც მიუწვდებოდა ხელი. გიორგი მერჩულეს აზრით, საერო ხელისუფლება მარცხდება ეკლესიის წარმომადგენლებთან შეჯახების დროს. ეკლესიის წარმომადგენელთა მოქმედება მუდამ გამართლებულია, მისაბაძი.
გიორგი მერჩულეს შეხედულებით, სასტიკად უნდა იქნეს დაცული ქორწინება, თუნდაც ის არ იყოს სიყვარულზე დამყარებული. შეუღლება სოცილურად ერთ საფეხურზე მდგომ პირთა შორის არის დასაშვები, ამასთან შეუღლება უნდა ხდებოდეს მშობლებისა და ახლობლების თანხმობით (ზენონის დის ამბავი).
თხზულებაში საყურადღებოა გიორგი მერჩულეს შეხედულება დანაშაულის შესახებ. მისი აზრით, დანაშაული მძიმდება, როცა საქმე გვაქვს მოსყიდვით მკვლელობასთან, ე.ი. როცა სასყიდლით დაქირავებული მკვლელი ჩადის დანაშაულს, მკვლელი კი ”უბრალოა”. ძეგლის მიხედვით, თუ დაზარალებულს, ან მოკლულს რაიმე ბრალი მიუძღვის, ე.ი. რაიმე დანაშაული ჩაუდენია, ეს გარემოება უმსუბუქებს მის მკვლელს დანაშაულს.




იაკობ ცურტაველი (ხუცესი)

შუშანიკის წამება (ძვ.ქ. წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ) — იაკობ ცურტაველის (ხუცესის) მიერ დაწერილი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები. ეს არის ჩვენს დრომდე მოღწეული უძველესი ძეგლი ქართული მხატვრული ლიტერატურისა. დაწერილია მე-5 საუკუნეში, კერძოდ 476–483 წ.წ. ავტორი მონათხრობ ამბავთა თვითმხილველი და მონაწილეა. ვარაუდობენ, რომ იაკობი VI საუკუნის დასაწყისში ეპისკოპოსი გამხდარა.
„შუშანიკის წამების“ დახვეწილი ენა, სტილი და მაღალი ესთეტიკურ-შემეცნებითი ღირებულება სავარაუდებელს ხდის, რომ ქართული მწერლობა ამ ნაწარმოების შექმნამდე გაცილებით უფრო ადრე უნდა ჩასახულიყო.
ნაწარმოებში ჩანს, რომ ქალები და მამაკაცები მე-5 საუკუნეში ერთად არ ჭამდნენ საჭმელს: „ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური“ — ამბობს დედოფალი. ქალი გარეთ თავდაუბურავი არ გადიოდა: „მოჰყვანდა წმიდაჲ შუშანიკ უხამური და თმაგარდატევებული, ვითარცა ერთი ვინმე შეურაცხთაგანი და ვერვინ იკადრა თავსა მისსა დაბურვად“.
ნაწარმოებიდან ვგებულობთ, რომ ქართულად უკვე არსებობდა „ევანგელე“ ანუ სახარება და მოწამეთა ღვაწლის ამსახველი წიგნები. ისტორიული მნიშვნელობა აქვსანტიოქიისპალეკარტსაც. ეს იყო უსახელო ჩასაცმელი, მოსასხამი. იქიდან გამომდინარე, რომ შუშანიკს ანტიოქიის პალეკარტი ეცვა, ვხვდებით, რომ საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდასირიასთან, რომლის ერთ-ერთი ქალაქი ანტიოქიაა და ეს პალეკარტიც იქიდან არის.
„შუშანიკის წამებაში“ არის ეპიზოდი, სადაც იაკობ ხუცესი აღწერს, თუ როგორი იყო ქართლი ერთ-ერთი ზაფხულის ჟამს: „ჟამსა ზაფხულისასა ცეცხლისებრ შემწუელი იგი მხურვალებაჲ მზისაჲ, ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი…“, ავტორი ასევე ამბობს, რომ ხალხი იყო დამუწუკებული, დამუნიანებული, დაწინწკლული, დასნეულებული, სახედასიებული, სიცოცხლე მოსწრაფებული და ვერავინ აღწევდა მოხუცებულობამდე იმ მხარეში. მაგრამ ეს ყველაფერი მეცნიერულად გამოკვლეულია და დამტკიცებული არ არის, უფრო მეტიც, მეცნიერების გამოკვლევის თანახმად ასეთი ზაფხული ქართლში არასოდეს ყოფილა. ასეთი ცხელი გვალვებითა და სენით სავსე დრო არც ისტორიულადაა ცნობილი. 

Friday, March 23, 2012

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქართულ მწერლობაზე და ქართულ ლიტერატურაზე პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ ძველ ქართულ ლიტერატურაზე, რადგან ქართული მწერლობის საფუძველი იწყება იქიდან . ახლა ჩვენ რომ დავიწყოთ ყველა მათგანზე საუბარი ძალიან შორს წავალთ,ამიტომ ვეცდები ამოვარჩიო ყველაზე მნიშვნელოვანი და გაგაცნოთ:)) 

Thursday, March 22, 2012



  • მე ვარ ლელა ბუდაღაშვილი და საკვლევ თემად ავირჩიე ქართული მწერლობა, რადაგნ მიმაჩნია რომ ამ თემის გარშემო ბევრი რამის გაკეთება შეიძლება.მოგეხსენებათ საქართველო მდიდარია უკვდავი მწერლებით...